Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული პარტია აშშ–ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს


ირაკლი ოქრუაშვილი "მაესტროს" ეთერში, 10 მაისი.

ოპოზიციური ქართული პარტია 16 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს თბილისში აშშ–ის საელჩოსთან, საიდანაც "მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც ქართული საზოგადოება იწამლება,“ განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუშვილმა სამშაბათს.  

მისი თქმით, ქართულ პარტიას შემუშავებული აქვს საპროტესტო აქციების გეგმა, რომელიც “დღეების მიხედვითაა გაწერილი“ და რომელსაც "სააკაშვილის რეჟიმის“ შეცვლა უნდა მოყვეს. მისი თქმით, ერთ–ერთი ასეთი აქციის არსი "სათავესთან მისვლაში და სათავესთან ონკანის გადაკეტვაში“ მდგომარეობს.

"ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა. 

"16 მაისს ჩვენ გავაკეთებთ თბილისის აქტივისტების მობილიზებას ამერიკის საელჩოსთან. ასევე მოვუწოდებთ რიგით თბილისილებს, მოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ იმის წინააღმდეგ, რაც ხდება ზოგადად, გამომდინარე შეერთებული შტატებისგან, მათი პირდაპირი და არაპირდაპირი, თუ ყოველმხრივი მხარდაჭერით რეჟიმისადმი,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ჩვენ მათ [აშშ–ის საელჩოს] ვაპირებთ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ისინი ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით ასამარებენ დემოკრატიას საქართველოში. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას და ვერასდროს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება,“ – აღნიშნა მან.

"ასე რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ჩრდილოეთისკენაც და დასავლეთისკენაც გარკვეული უნდა იყოს რა არის ქართველი ერის მიზანი. თუ ჩვენ ამას არ ვიტყვით ხმამაღლა, ყველა შეეცდება მუდმივად მანიპულირება მოახდინოს ჩვენით,“ – დასძინა ოქრუაშვილმა.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს“ გადაცემაში "პირდაპირი საუბარი“ პარიზიდან ჩართვისას გააკეთა, სადაც იგი 2007 წლის ნოემბრიდან იმყოფება და სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2008 წლის მარტში მას საქართველოში 11–წლიანი პატიმრობა მიესაჯა დაუსწრებლად.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული პარტია, რომელმაც უკვე დაასრულა თავისი სტრუქტურების მშენებლობა, ახლა მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვის დროს მისი შესაძლებლობების შემოწმებას გულისხმობს.

"მესამე ეტაპი იქნება რეჟიმისთვის „მთავარი დარტყმის“ მიყენება,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ მესამე ეტაპზე გადასვლა უახლოეს მომავალში მოხდება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button