
ბარამიძე და ალასანია ჰააგაში
საქართველოს ვიცე–პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ჰააგაში იმყოფება, სადაც 10 მაისს ქართული დემოკრატიის თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე გამოვა სიტყვით.
იმავე კონფერენციაზე გამომსვლეთა შორის არის ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.
სემინარი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს და პერსპექტივებს ეხება, კლინგენდალის ინსტიტუტის და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მასპინძლობით იმართება. ღონისძიების ერთ–ერთი თანასპონსორია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჰააგაში ვიზიტის დროს ბარამიძე, მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.
ალასანიას პრესსამსახური იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს ნიდერლადნების საგარეო უწყების წარმომადგენლებთან და შემდეგ ბერლინში გაემგზავრება, სადაც 11 მაისს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
This post is also available in: English Русский