პოლიციამ სახალხო კრების აქტივისტები დააკავა
პოლიციამ 7 მაისს სახალხო კრებისა და მოძრაობა "არა“–ს აქტივისტები მაშინ დააკავა, როცა ისინი რუსთავში პოლიციის ერთ–ერთი მაღალჩინოსნის სახლთან პროექტის "ამხილე ჯალათი“ ფარგლებში აქციას მართავდნენ.
მოგვიანებით, იმავე დღეს რუსთავის სასამართლომ 12 დაკავებული დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. სამ აქტივისტს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა, ორს – 15 დღიანი და სამს – 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; ხოლო დანარჩენები 400 ლარით დაჯარიმდნენ.
ინციდენტის ამსახველ გავრცელებულ ვიდეო–კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან აქციის მონაწილეებს პოლიციის ათობით თანამშრომლები და აკავებენ აქტივისტებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაპატიმრებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა მამაკაცმა ერთ–ერთ პოლიციელს ხელი გაარტყა. სახალხო კრების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს პიროვნება არა აქციის მონაწილე, არამედ "განზრახ მოგზავნილი პროვოკატორი“ იყო.
ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო განაცხადა, რომ "სააკაშვილის რეჟიმმა ახალგაზრდების წინააღმდეგ მისთვის ჩვეული მეთოდით პროვოკაცია მოაწყო".
“მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ გაამჟღავნონ იმ მამაკაცის ვინაობა, რომელმაც პოლიციის თანამშრომელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოვითხოვთ უდანაშაულო ახალგაზრდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას,“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეო–მასალა პარტიამ დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა.
"აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ წამოვეგებით მათ პროვოკაციებს და არ შევცვლით თანმიმდევრულ გეგმას, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის მიზნით საერთო სახალხო გამოსვლები აუცილებლად დაიწყება,“– აცხადებს ბურჯანაძის პარტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)