
Amnesty International-ი გირგვლიანის საქმის მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ”ბოლოს და ბოლოს ზედმიწევნით და მიუკერძოებლად“ გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე.
"[ევროპის სასამართლოს] გადაწყვეტილება წარმოადგენს დროულ შეხსენებას საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მათი ვალდებულებაა ბოლო მოუღოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობას. Amnesty International-მა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცავების სამართალში მიცემა,“ – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჯონ დალჰუისენმა.
"საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სამართალში მისცეს,“ – განაცხადა მან.
Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყოველგვარი "შეფერხების გარეშე“ განახორციელოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები თავიანთი ოფიციალური სტატუსით და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.
თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს არ წარუდგინა რამდენიმე მთავარი მტკიცებულება, რითიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 38–ე მუხლი დაარღვია.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გირგვლის ოჯახისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწვეტილების შესაბამისად გადაიხდის ამ თანხას.
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართალია ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება პირდაპირ არ დაავალა, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ საკმარისზე მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება.
This post is also available in: English Русский