ახალი ამბები

ლავროვი ცხინვალში კოკოითს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც 25 აპრილს ცხინვალში ჩავიდა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

"ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა უპირობოდ დაადასტურებს თავის ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ,“ – იტყობინება "რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება კოკოითთან შეხვედრის დასაწყისში გააკეთა.

"ჩვენ ამ კუთხით სამხრეთ ოსეთს ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ და დაჟინებით მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო დისკუსიებმა ეს ამოცანა პრიორიტეტულად განიხილოს,“ – განაცხადა ლავროვმა.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ სამხედრო პროვოკაციებს საქართველოს მხრიდან, ვინაიდან თბილისის ამჟამინდელი რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საიმედოდ დავიცვათ სამხრეთ ოსეთის საზღვრები და მზად ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ისევ მოუნდება 2008 წლის აგვისტოს დანაშაულის ჩადენა,“ – განაცხადა მინისტრმა. 

რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება სოხუმთან და ცხინვალთან გაეფორმებინა. რუსეთი ამ ხელშეკრულების დადებას ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ითხოვდა. შარშან, როგორც კომპრომისული ვარიანტი, მოსკოვმა შესთავაზა თბილისს ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივი დეკლარაცია გაეკეთებინა. 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი დეკლარაცია გააკეთა, თუმცა ამის შემდეგ რუსეთი კვლავ თავდაპირველ მოთხოვნას დაუბრუნდა და თბილისისგან სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულებების გაფორმება მოითხოვა; თავად მოსკოვი, იმ მიზეზით რომ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს, ასეთი ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარს ამბობს.

ცხინვალში ლავროვი სეპარატისტულ ხელისუფლებას დაპირდა, რომ რუსეთი კვლავ დაეხმარება რეგიონს "იმის აღდგენაში, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად განადგურდა“.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი მოადგილე და ჟენევის დისკუსიების მთავარი მომლაპარაკებელი გრიგორი კარასინი, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი ახლავს.

ლავროვმა და კოკოითმა ნოტები გაცვალეს, რის შედეგადაც მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში. 

ცხინვალის შემდეგ ლავროვი სოხუმში გაემგზავრება, სადაც 26 აპრილს სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობას შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button