skip to content
ახალი ამბები

ჰამარბერგმა თბილისში ვიზიტი შეაჯამა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ "მკაცრი განაჩენების” და გამამართლებელი ვერდიქტების ”ძალიან მცირე მაჩვენებლის” პრობლემას სისხლის სამართლის კოდექსის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში მიექცევა ყურადღება.

ოთხდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, თბილისში, 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველო მალე სისხლის სამართლის ახალ კოდექსზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც ზოგიერთ იმ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.

”ეს ის დადებითი პასუხებია, რომლებიც ხელისუფლებისგან მივიღე,” – განაცხადა მან.

ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის მანძილზე ის სხვადასხვა წყაროებიდან იღებდა ინფორმაციებს მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე და ამიტომ საკითხის ადგილზე გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

მისი თქმით, ამ კუთხით არსებული პრეტენზიები ”საკმაოდ სერიოზულია” და ეხება ისეთ საკითხებს როგორიც არის გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, მტკიცებულებათა გაყალბება და არაპროფესიონალური გამოძიებები.

”რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ბრალდებებია და თუ ეს ბრალდებები მართალია, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სტანდარტებს არ შეესაბამება,” – განაცხადა ჰამარბერგმა.   

მისი თქმით, მასთან შესული ზოგიერთი საჩივარი ასევე ეხება 2007 წლის ნოემბერში და 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას და ძალადობის ბრალდებებს.

”მთავრობის მხრიდან იყო აღიარება, რომ ამ დემონსტრაციებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება არ ჩატარდა სასურველი გზით; ისინი ძალიან ნელა მიმდინარეობდა,” – განაცხადა ჰამარბერგმა.

ვიზიტის დროს ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლების, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მოსამართლეთა ჯგუფს, ასევე თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. იგი რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვია.

ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იგი მოხსენებას მოამზადებს, რომელიც ზაფხულში გამოქვეყნდება. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად მოხსენება შეეხება ”იმ პრაქტიკის გაუქმების საჭიროებას, რომელიც შერჩევითი სამართლის შთაბეჭდილებას ქმნის”.

”კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოხსენებაში შევა, უკავშირდება იმ კონკრეტულ ზომებს, რომელთა განხორციელებაც არის საჭირო, რათა მიეხედოს 2007 წლის ნოემბრის და 2009 წლის გაზაფხულის ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების [გამოძიებას],” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button