ახალი ამბები

APM Terminals-მა ფოთის პორტის აქციების 80% იყიდა

ფოტო ფოთის პორტის ვებ–გვერდიდან.  

APM Terminals-მა განაცხადა 18 აპრილს, რომ ფოთის პორტის აქციების 80%–ი იყიდა RAKIA-სგან, რას ელ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდისგან (Ras Al Khaimah Investment Authority).

APM Terminals-ის თქმით, გარიგება, რომლის ღირებულებაც არ გამოცხადებულა, ნაწილია მისი სტრატეგიისა, რომლის მიზანი სწრაფად მზარდ ბაზრებზე ინვესტირებაა.

APM Terminals-ის ვიცე-პრეზიდენტმა პედერ სონდერგაარდმა განაცხადა, რომ კომპანია მომდევნო ხუთი წლის მანძილზე 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს პორტის ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაფართოებაში.

APM Terminals-ი პორტის მართვას RAKIA-სთან ერთად დაფუძნებულ ერთობლივი საწარმოს მეშვეობით განახორციელებს. RAKIA პორტის აქციების 20% შეინარჩუნა და ასევე განაგრძობს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვას.

APM Terminals, რომლის სათავო ოფისი ჰააგაშია განთავსებული, დანიური კონგლომერატის A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი კომპანიაა.

”ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, რეგიონის იმპორტიორები და ექსპორტიორები მაღალი ხარისხის საპორტო ინფრასტრუქტურას მოითხოვენ, და ბუნებრივია, ეს ის ბაზარია, რომლის მიმართ ჩვენ დიდი დაინტერესება გვაქვს,” – განაცხადა სონდერგაარდმა.

RAKIA–მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში, 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით, იმავე წელს RAKIA–მ  65 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსგან ფოთის პორტის დარჩენილი 49% აქციებიც შეიძინა. 

This post is also available in: English Русский

Back to top button