
სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეზე განაჩენს მომავალ კვირას გამოიტანს

საჯარო მოსმენიდან ერთი წლის თავზე გამოიტანს.
სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა ორშაბათს, რომ გირგვლიანის ოჯახის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე განაჩენს 26 აპრილს გამოიტანს.
საქმე – ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ – ეხება 2006 წელს 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. ეს საქმე 2006 წლის მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას იმ არსებული ბრალდებების გამო, რომ გამოძიებამ დამალა შსს-ის მაღალჩინოსანთა და შს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან.
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლეს. თუმცა, 2009 წლის სექტემბერში ისინი ვადაზე ადრე, შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.
მოსარჩელეები – ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) – ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).
მოსარჩელეები ასევე ითხოვენ 38 მუხლის დარღვევის აღიარებას, რომელიც საქმის განხილვის მიმდინარეობას ეხება, რადგან მათი მტკიცებით საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ მიაწოდა ყველა ის მტიკიცებულება რომელიც საქმის განხილვას შეუწყობდა ხელს, კერძოდ ზოგიერთი ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მკვლელობის ღამით სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
სასამართლო განაჩენს საქმის საჯარო მოსმენიდან ერთი წლის თავზე გამოიტანს
This post is also available in: English Русский