ახალი ამბები

აშშ–ის რესპუბლიკელი სენატორები საქართველოს სტუმრობენ

აშშ–ის რესპუბლიკელი სენატორების ოთხ წევრიანი დელეგაცია, რომელსაც რანგით მეორე რესპუბლიკელი ჯონ კაელი ხელმძღვანელობს,  18 აპრილს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა.

დელეგაციაში ასევე შედიან მაიკ კრაპო, რონ ჯონსონი და ჯეფ სეშიონსი, რომლებიც ხუთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მათი ტურნეს ფარგლებში ესტუმრნენ თბილისს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან  შეხვედრის შემდეგ სენატორმა კაელმა განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის მხარდაჭერის დემონსტრირება და იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება ”მნიშვნელოვან რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის” დახმარების უკეთესად აღმოჩენა.

კითხვაზე განხილულ იქნა თუ არა საქართველოს ოფიციალურ პირებთან რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორის მოწოდება, რომ საქართველო ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემადგენელი რადარის განთავსების ალტერნატიულ ადგილად განეხილათ, სენატორმა კაელმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ”მოკლედ” მიმოიხილეს.

”ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეალურ პარტნიორად განიხილავს და ამგვარი პარტნიორობა ეკონომიკურ საკითხებში, პოლიტიკურ საკითხებში და სამხედრო საკითხებში გვსურს… ამიტომაც, დიახ, ის განვიხილეთ,” – განაცხადა მან.

თებერვალში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში, ჯონ კაელმა და კიდევ სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადეს, რომ ”საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იდეალური ადგილი იქნებოდა რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემის რადარის განთავსებისთვის”.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ”ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო  უსაფრთხოების საქმეში გააძლიერებს, იყოს პარტნიორი შეერთებული შტატების”.

”ეს ეხება მთელ რიგ საკითხებს და ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ამაზე უფრო მეტს საქართველოს ხელისუფლება ვერ იტყვის იმიტომ, რომ, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ საერთო ჯამში, დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო თანაშრომლობა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის ავღანეთი და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ მთავარ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გაღრმავდეს,” – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button