ახალი ამბები

კალანდაძე საქართველოში ადამიანის უფლებებზე აშშ–ის ანგარიშზე საუბრობს

საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ზოგიერთ ნაწილს, თუმცა ის "საყურადღებო და მნიშვნელოვანია“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 11 აპრილს.

“არ დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ [ანგარიში] არის მხოლოდ კრიტიკული,“– უპასუხა მან ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას "საკმაოდ კრიტიკული“ შეფასებების შესახებ, "ეს ანგარიში, ასევე ასახავს და მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასული წლის განმავლობაში“.

“ამავდროულად, ჩვენთვის კრიტიკაც მისაღებია. დასმული საკითხების დიდი ნაწილი [აშშ–სთან] ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილება,“– აღნიშნა მან.

“ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად არის ასახული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენი და აშშ-ს პოზიციები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კალანდაძემ.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ანგარიშში არის ნაწილები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით“. 

მისი თქმით, სხვა ქვეყნებზე ანალოგიურ ანგარიშებთან შედარებით, საქართველოს მიმართ შეფასებები "არის, უდავოდ, ძალიან პროგრესული“.

This post is also available in: English Русский

Back to top button