ახალი ამბები

სოხუმი თბილისს “ტერორიზმში“ ადანაშაულებს

გალის რაიონში 8 აპრილს მომხდარი სროლის ინციდენტი, რომლის დროსაც სამი ადამიანი, მათ შორის ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა, ქართული სპეცსამსახურების მიერ "ტეროტირისტული საქმიანობის ახალი ეტაპის დაწყების“ მანიშნებელია, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ინციდენტი თბილისის მცდელობების ნაწილია "მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია და დააშინოს“ გალის რაიონის ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა, იტყობინება "აფსნიპრესი“.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ამ საკითხს 7 ივნისს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე და 4 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს. განცხადების თანახმად, ამგვარმა ინციდენტებმა შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის გაღვივების ახალ ტალღას შეუწყოს ხელი.

თბილისმა უარყო გალში 8 აპრილს მომხდარ სროლასთან რაიმე კავშირი და ინციდენტს "შეიარაღებული კრიმინალური გარჩევა“ უწოდა.

ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ სროლის დროს მოკლული ერთ–ერთი პიროვნება მართლაც ლაშა სიჭინავა იყო, თუმცა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მისი თქმით, სიჭინავა 2002 წლიდან იძებნებოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის და მას დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button