
NDI-ის გამოკითხვა: საქართველოში სულ უფრო მეტად აშფოთებთ ეკონომიკური პრობლემები
6 აპრილს გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
რესპოდენტთა მხოლოდ 35%–მა განაცხადა, რომ საქართველო "ნამდვილად“ ან "ძირითადად“ სწორი მიმართულებით ვითარდება, ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულის ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4–17 მარტის პერიოდში განახორციელა საქართველოს დიდ ქალაქებში 2 893 რესპოდენტის წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ეს მაჩვენებელი ივლისში ჩატარებული ანალოგიური კვლევის თანახმად 51%–ს შეადგენდა, რაც თითქმის უცვლელად იყო შენარჩუნებული 2009 წლის დეკემბრიდან.
თუმცა, ბოლო რვა თვის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ”საქართველო საერთოდ არ იცვლება”. ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ასეთი პასუხი გამოკითხულთა 15%–მა გასცა, ხოლო მარტში ეს რიცხვი 37%–მდე გაიზარდა.
ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რესპოდენტთა შეშფოთების მთავარ საგნად რჩება.
კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები კვლავ რჩება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთა ნუსხის სათავეში; მას მოსდევს ფასების ზრდა. ეს უკანასკნელი ივლისში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს კვლავ განაგრძობს კლებას. თუ 2009 წლის დეკემბერში ჩატარებულ მსგავს კვლევაში ეს მაჩვენებელი 49% იყო, 2010 წლის ივლისში ის 45%-მდე, ხოლო 2011 წლის მარტში 38%-მდე შემცირდა.
რესპოდენტთა 55% და 62%, შესაბამისად, თვლის, რომ სამუშაო ადგილების შექმნისა და ინფლაციის პრობლემებს პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ. ამასთან გამოკითხულთა უმრევლესობა მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვა პოლიტიკოსების მიერ საკმარისად ხდება.
რესპოდენტთა 46% მიიჩნევს, რომ 2008 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დასაქმების კუთხით ვითარება გაუარესდა; 55% კი გაუარესებას ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით აღნიშნავს.
რესპოდენტთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის; 39% თვლის, რომ არის; ხოლო 17%–მა არ იცის ქვეყანაში დემოკრატია არის თუ არა.
თუმცა ამ საკითხზე დადებით და უარყოფით პასუხებს შორის ივლისში დაფიქსირებული 13%–იანი სხვაობა მარტში 5%–მდე შემცირდა.
ამასთან, რესპოდენტთა უმრავლესობის აღქმით, მათთვის დემოკრატია უპირველესად ნიშნავს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას (48%), შემდეგ მოდის ზოგადად თავისუფლება (45%), კანონის წინაშე თანასწორობა (40%), ადამიანის უფლებათა დაცვა (32%), სამუშაო ადგილები (24%) და სამართლიანი არჩევნები (18%).
კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 60% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 34% კი საპირისპიროს ფიქრობს.
გამოკითხულთა უმრავლესობა (42%) საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად განათლების რეფორმას ასახელებს, თუმცა მხოლოდ 25% მოელის, რომ ამ მიმართულებით მომდევნო 6 თვის განმავლობაში რაიმე განხორციელდება; შემდეგ მოდის საგადასახადო რეფორმა 33%–ით; საარჩევნო რეფორმა 31%–ით; სასამართლოს რეფორმა – 29%. მედიის რეფორმას პრიორიტეტულად მხოლოდ 8% ასახელებს.
საგარეო ურთიერთობები
ბოლო კვლევის თანახმად 71%–მდეა გაიზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა რომლებიც "სრულად“ ან "ძირითადად“ მხარს უჭერენ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ივლისში ჩატარებული კვლევის დროს ეს მაჩვენებელი 65% იყო. 51%–მა არ იცის, როდის მოხდება ალიანსში ინტეგრაცია, ხოლო 34% იმედოვნებს, რომ ეს 2013 წელს ან შემდგომ წლებში განხორციელდება.
რესპოდენტთა 49%, ივლისში დაფიქსირებული 59%–ის ნაცვლად, თვლის, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში "ნაწილობრივ“ ან "სრულად“ მიუღებელია, საწინააღმდეგოს 38% ფიქრობს, ხოლო 12%–მა არ იცის.
გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ამასთან, 74% რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას მისაღებად მიიჩნევს.
კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 55%–ს ასევე მისაღებად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, რომ დასავლეთმა გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა.
კვლევა, რომლის განხორციელებაც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა, 3%–იან ცდომილების ზღვარს შეიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)