ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები დააკავეს

უზენაეს სასამართლოსთან 4 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებთან მცირე დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ აქციის ათი მონაწილე დააკავა.

აქცია სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც ბოლო პერიოდში პატიმრების უფლებების დასაცავად და ამნისტიის მოთხოვნით აქტიურ კამპანიას ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე აქციაზე, რაც ზოგიერთმა მომიტინგემ კვერცხები დაუშინა უზენაესი სასამართლოს შენობას.

დაკავებულებს შორის იყვნენ ქართული პარტიისა და ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების წევრები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი ადა მარშანია.

შუაღამეს გამართულ მოსმენაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები დამნაშავედ ცნო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში და წვრილმან ხულიგნობაში. სამ მათგანს 20–დღიანი პატიმრობა შეეფარდა; ერთს 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და დანარჩენ ექვსს, მათ შორის ადა მარშანიას, 400–ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რის შემდეგაც ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან 25 მარტს გამართული ანალოგიური აქცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა–შემოხლაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მომიტინგეებმა ცოტა ხნით ყაზბეგის გამზირი გადაკეტეს. ამ ინციდენტის დროს აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, რომლებიც სასამართლომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ცნო დამნაშავედ.  სასამართლომ ორ მათგანს 20–დღიანი, ხოლო ერთ მომიტინგეს – 10–დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ოთხი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თითოეულ მათგანს 400–ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button