
სააკაშვილი: კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 31 მარტს, რომ პოლიციამ აღკვეთა "გარე ძალების“ მიერ "კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და დაფინანსებული ტერორისტული შეტევა მშვიდობიან ობიექტებზე“ ქუთაისში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სააკაშვილმა განუცხადა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ "ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები" იმ ფონზე, როცა "გარე ძალები" საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის შერყევას ცდილობენ.
პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 31 მარტს, რომ პოლიციამ ქუთაისში ტერორისტული აქტები აღკვეთა, რომელთა განხორციელებაც იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან იგეგმებოდა.
"უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება,“ – განაცხადა სააკაშვილმა და ამ უკანასკნელი შემთხვევის კავშირზე მიუთითა ბოლო პერიოდში მომხდარ მსგავს საქმეებთან.
ბოლო თვეების მანძილზე დაკავებული რამოდენიმე ეჭვმიტანილი, რომელთაც ტერორისტული აქტების განხორცილებაში ან განხორციელების მცდელობაში ედებათ ბრალი, გალის რაიონიდან არიან. პოლიციის თქმით, ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა დაიქირავეს.
"პრინციპში გასაგებია რა სქემით ხდება მოქმედება. წინა წლებში ეს სქემა ხორციელდებოდა ცხინვალის რეგიონიდან, ახლა სქემა გადააწყეს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
"კონტრტერორისტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე წინა წლებში ვიყავით. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაძლეირებელია ეს მუშაობა, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული,“ – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)