
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა 31 მარტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები და თბილისში შვედეთის საელჩო გახსნა.
„მივემგზავრები თბილისში, სადაც შვედეთის ახალ საელჩოს გავხსნი. მნიშვნელოვანი რეგიონია,“ – დაწერა ბილდტმა თავის Twitter-ის გვერდზე თბილისში ჩამოსვლამდე.
ვიზიტის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს შეხვდა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მთავარი მომლაპარაკებელია საქართველოს მხრიდან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამავე ინფორმაციით, "აქცენტი გაკეთდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შემუშავების მიმდინარეობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე“.
დღესვე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სადილზე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.
This post is also available in: Русский