ახალი ამბები

ტელეკომპანია “მაესტროს“ აქციათა 50%–ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდება

ტელეკომპანია "მაესტროს“ აქციათა 50%–ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, რადიოების "უცნობისა“ და "ნაცნობის“ დამფუძნებელი და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმა გახდება.

ამის შესახებ საუბარია ტელეკომპანია “მაესტროსა” და რადიო ”ნაცნობს” შორის დადებულ შეთანხმებაში, რომელზეც ინფორმაცია 23 მარტს journalist.ge–მ გაავრცელა. ამავე ცნობით, რადიო “ნაცნობი” ტრანსფორმირდება რადიო “მაესტროდ”, რომელიც უახლოეს მომავალში სატელიტურ სიხშირეზე დაიწყებს მაუწყებლობას. გარიგების სხვა დეტალები უცნობია. 

“ვთვლით, რომ თავისუფალი მედიის გაერთიანება და გაძლიერება სასარგებლო იქნება როგორც საზოგადოებისათვის, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის,“– განაცხადა სტუდია "მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამას "დადებითი რეზონანსი მოჰყვება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობაში“. 

არსებული ინფორმაციით, „მაესტრო“ მამუკა ღლონტს და კიდევ ცხრა დამფუძნებელს ეკუთვნოდა და თითოეულის წილი 10%-ს შეადგენდა. Media.ge კიკაბიძის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ათივე მეწილემ პროპორციულად დათმო წილი გია გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. 

გია გაჩეჩილაძემ, მომღერალმა მეტსახელად "უცნობმა“ 2009 წლის გაზაფხულის ქუჩის საპროტესტო აქციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაცემა ”საკანი №5”-ის მეშვეობით, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში თვეების განმავლობაში გადიოდა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამად მართავს ”რუსთავის მედია მართვის კომპანია”, რომლის დამფუძნებელია
ქართული პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი და რომელსაც "მაესტრო“ მისმა მფლობელებმა სამწლიანი მართვის უფლებით 2009 წლის ნოემბერში გადასცეს.

ტელეკომპანიამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობდა „მაესტრო“ მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გაეხადა. თუმცა აღნიშნული დავა მალევე მოგვარდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური გადადგა და დამფუძნებლებმა მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაიფიქრეს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button