
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სოფლის მეურნეობის მინისტრის იმპიჩმენტის დაწყებას
პარლამენტმა დღეს 10 ხმით 70–ის წინააღმდეგ ჩააგდო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის, ქრისტიან–დემოკრატების წინადადება სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკითხისთვის მსვლელობის მიცემის თაობაზე.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკითხის ჩავარდნის გამო მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა დადგეს ამ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
ქრისტიან–დემოკრატებმა კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი 23 მარტს სამთავრობო კვირეულის ფარგლებში მისი საანგარიშო მოხსენების მოსმენის შემდეგ გამართული დებატების ფარგლებში დააყენეს.
ამ საკითხზე 24 მარტს გამართული კენჭისყრის წინ ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოუწოდა უმრავლესობას მხარდაჭერისკენ, რადგან, მისი თქმით, სოფლის მეურნეობის უწყებას ახალი ამოცანების განსახორციელებლად ახალი, "საზოგადოების ნდობით აღჭურვილი“ ადამიანი სჭირდებოდა.
This post is also available in: Русский