ახალი ამბები

თბილისის თქმით, შსს–ს თანამშრომლის მკვლელობა რუსი ოფიცრების დაკვეთით მოხდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 მარტს, რომ შარშან შსს–ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის დიმიტრი კორძაძის მკვლელობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ–ს) თანამშრომლების დაკვეთით განხორციელდა.

დიმიტრი კორძაძე, რომელიც 2004-2007 წლებში მუშაობდა შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს უფროსად, 2010 წლის 5 მაისს მოკლეს ბათუმში მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის "ტოიოტა ჰაილუქსის“ აფეთქების შედეგად.

„გამოძიებას სერიოზული მტკიცებულება გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები … ეს საქმე ძალიან გავს დეკემბერში ჩვენს მიერ გახსნილ ტერორისტული აქტების სერიის საქმეს,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 22 მარტს. მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოში შარშან მომხდარი აფეთქებების სერია, რომლებიც, თბილისის თქმით, აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცრების დაკვეთით განხორციელდა.

22 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ–ს) თანამშრომლებმა 2009 წლის დეკემბერში კორძაძის მოკვლა საქართველოს ორ მოქალაქეს დაუკვეთეს, რის სანაცვლოდაც მათ 52 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. სამინისტროს განცხადებით, რუსმა ოფიცრებმა მათ ასაფეთქებელი მოწყობილობაც გადასცეს, რომელიც შემდეგ კორძაძის მანქანაში დამონტაჟდა.

განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი.

პოლიციამ დამნაშავეებიც გამოავლინა – ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები: თემურ ბუთბაია და ოთარ როგავა. ამ უკანასკნელმა, პოლიციის თქმით, მარტის დასაწყისში ციხის საკანში თავი მოიკლა.

პოლიციის თქმით, ასევე დაკავებული არიან დანაშაულის თანამონაწილე კიდევ ორი პირი, ხოლო ერთი პიროვნება პოლიციის მიერ იძებნება.  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების სერიის საქმის მსგავსად, საქართველო კვლავ სთავაზობს რუსეთს თანამშრომლობას და მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს კორძაძის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადასცეს.

 

 

 

This post is also available in: Русский

Back to top button