
სააკაშვილის თქმით, ყველაზე მეტად ‘ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეულის’ შექმნით ამაყობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი მთავრობა ყველაზე მეტად ამაყოფს არა იმდენად დაგებული გზებით, აშენებული შენობებით, "კარგი განათლების სისტემის“ შექმნით და "ბევრი სხვა მიღწევებით“, რამდენადაც იმით, რომ ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი თავს გრძნობს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად.
“ყველაზე მეტად, რითაც მე პირადად ვამაყობ და ჩემი მთავრობის მთავარი კურსია, არის, რომ ჩვენ შევქმნათ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეული, სადაც ყველა ეთნიკური წარმომავლობის, ყველა კულტურული წარმომავლობის, ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები თავს იგრძნობენ იმ ქვეყნის შვილებად, რომელშიც არ ინანებენ რომ დაიბადნენ, რომელსაც ააშენებენ ყველასთან ერთად, რომლისთვისაც იბრძოლებენ და რომლისთვისაც მოკვდებიან,“– განაცხადა სააკაშვილმა 21 მარტს მარნეულში სტუმრობისას.
პრეზიდენტმა მარნეულის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ნოვრუზ ბაირამი მიულოცა – დღესასწაული, რომელიც ერთი წლის წინ მან საერთო ეროვნული დღესასწაულად გამოაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი აზერბაიჯანული კულტურა, ჩვენი აზერბაიჯანული ენა, რომელიც ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია,“– მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას, "ამავე დროს, მიხარია, რომ სკოლებში უკეთესად სწავლობთ ქართულ ენას იმიტომ, რომ ეს არის, თქვენი წარმატების საწინდარი ასევე ჩვენს ერთიან ქართულ სახელმწიფოში".
"მე მინდა მივესალმო, რომ ახალგაზრდები თავს გრძნობენ სულ უფრო მეტად ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად,"– აღნიშნა მან.
This post is also available in: Русский