ახალი ამბები

საგადასახადო ომბუდსმენი: ბიზნეს–გარემოს პრობლემა არც იმხელაა, როგორადაც ის აღიქმება

საქართველოში ბიზნეს–გარემოს პრობლემის საკითხი გაზვიადებულია იმ გადაჭარბებული ყურადღების გამო, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ზოგიერთ გახმაურებულ საქმეს ექცევა, განაცხადა საგადასახადო ომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ 20 მარტს.

გიორგი პერტაია საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე – თანამდებობაზე, რომელსაც პრესაში როგორც წესი ”ბიზნეს ომბუდსმანის” სახელით მოიხსენიებენ – პრემიერ–მინისტრმა იანვარში დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს და მისი მიზანია გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვა.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, გიორგი პერტაია 2010 წლის მაისიდან პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში.

20 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქცენტები“ საუბრისას პერტაიამ განაცხადა, რომ შარშან პრემიერ–მინისტრის მრჩევლად მისი დანიშვნიდან ცოტა ხანში ჩატარდა კვლევა, რათა ქვეყანაში არსებულ ბიზნეს–გარემოზე სრული სურათი დაენახათ და დასკვნები მხოლოდ ცალკეული გახმაურებული დავების საფუძველზე არ გაკეთებულიყო.

"იქ იყო ორი ძალიან საინტერესო კითხვა: ერთი იყო, ‘თუ ყოფილა ფინანსური პოლიცია თქვენთან შემოსული და თუ დაურღვევია თქვენი უფლებები’ და მეორე კითხვა იყო ‘თუ გაგიგიათ ამის შესახებ’,“ – განაცხადა პერტაიამ.  

მისი თქმით, რესპონდენტთა დაახლოებით 1%–მა გასცა დადებითი პასუხი პირველ კითხვას, ხოლო მეორე კითხვას 70%–მა  უპასუხა დადებითად.

"ეს აჩვენებს ყველაფერს. ანუ პრობლემა იმდენი არ არის, რამდენიც არის ამ პრობლემის აღქმა. პრობლემა ძალიან პატარაა; არის გახმაურებული საკითხები, ასე ვთქვათ. [მაგრამ] მასიურად ბიზნეს–გარემოზე თუ ვსაუბრობთ, ეს პრობლემები არ არის ამხელა,“ – განაცხადა პერტაიამ.

თუმცა, მისივე თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი წარმოდგენა არსებობს, თავისთავად პრობლემაა ”იმიტომ, რომ ბიზნესს–გარემოს აფუჭებს ეს.”

”ამიტომ, როცა ვლაპარაკობ ბიზნესის და მთავრობის ურთიერთობაზე, ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ მთავრობა რაც შეიძლება აქტიურად უნდა ელაპარაკოს ბიზნესს; კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა მან.

პერტაიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს იცოდა, თუ არა მან ბიზნესმენთა უფლებების დარღვევის იმ კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რომლებზეც მანამდე იმავე გადაცემაში საგამოძიებო ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ისაუბრა. ზურიაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად მოიყვანა კონკრეტული ფაქტი, როცა ერთ–ერთ ბიზნესმენს გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე კუთვნილი ქონება უკანონოდ ჩამოართვეს.

საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ომბუდსმენი განიხილავს გადასახადის გადამხდელთა მიერ წარდგენილ განცხადებებსა და საჩივრებს. გადასახადის გადამხელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. საგადასახადო ომბუდსმენი ვერ მოახდენს რეაგირებას იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე განიხილა სასამართლომ. საგადასახადო ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

This post is also available in: Русский

Back to top button