
რუსეთ–საქართველოს სარაგბო დაპირისპირება პოლიტიკური ბრალდებების ფონზე
რუსეთის და საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღევანდელმა დაპირისპირებამ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 15–9 დასრულდა, უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი შეიძინა მას შემდეგ, რაც თბილისმა მოსკოვი სოჭიდან თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის დაბლოკვაში დაადანაშაულა.
19 მარტს სოჭში გამართული თამაში ევროპის ერთა თასის მიმდინარე ტურნირის ნაწილი იყო.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა პარასკევს საღამოს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიამ ”ერ-ტე-ერ”-მა ბოლო წუთას აცნობა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ თამაშის პირდაპირ ტრანსლირებას არ განახორციელებდა.
ვარძელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დაბლოკა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცდელობა პირდაპირი ტრანსლირების ორგანიზება სოჭის ადგილობრივი ტელეკომპანიის საშუალებით მოეხდინა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ვარძელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ მორაგბეებს "სოჭში ჩასვლის მომენტიდან შეექმნათ პრობლემები.” მისი თქმით აეროპორტში ”გაუგებარი მიზეზების” გამო მესაზღვრეებმა დააკავეს ”ბორჯღალოსნების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით კაჭარავა, რომელსაც ორი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ქალაქში. ”ამის შედეგად, ჩვენმა ნაკრებმა ვერ ჩაატარა დაგეგმილი ვარჯიში,“ – განაცხადა ვარძელაშვილმა.
"რუსული მხარის ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე,“ – განაცხადა ვარძელაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ამის თაობაზე რაგბის საერთაშორისო ფედერაციას აცნობებს.
მისი თქმით, საქართველო ამაოდ ცდილობდა მიეღწია იმისთვის, რომ მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებულიყო, როგორც ეს ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც საქართველოს და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ტრაბზონში შეხვდნენ. მაშინ საქართველომ რუსეთი 36–8 დაამარცხა.
დღევანდელი გამარჯვების ჩათვლით, სულ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ 13 მატჩი აქვს მოგებული; ორი ქვეყნის გუნდებს შორის გამართული თამაშებიდან ერთი ფრედ დასრულდა და ერთიც საქართველომ წააგო. ეს ერთადერთი წაგება 1993 წელს დაფიქსირდა, როდესაც ორი გუნდი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდა.
საქართველო ევროპის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების ლიდერია მას შემდეგ, რაც ხუთივე თამაში მოიგო. დღევანდელ მატჩამდე რუსეთს მეორე ადგილი ეკავა, ორი წაგებით და ორი მოგებით.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 69.41 ქულით მე–14 ადგილი უკავია. რუსეთთან დღევანდელმა გამარჯვებამ საქართველო, რეიტინგში წინ ვერ წასწია და მას კვლავ უსწრებს იაპონია, რომელსაც 71.45 ქულა აქვს; დამარცხების შემთხვევაში, საქართველო რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდებოდა და მას კანადა გაასწრებდა.
This post is also available in: Русский