ახალი ამბები

MCC საქართველოსთვის 100–150 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას განიხილავს

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) საქართველოსთვის 100–150 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მეორე საგრანტო პაკეტის გამოყოფის საკითხს განიხილავს, განაცხადა MCC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა.  

იანვარში MCC–მ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს და განას მეორედ მიეცათ შესაძლებლობა შეიმუშავონ წინადადებები ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საგრანტო პაკეტის მისაღებად. 295.3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი დახმარების პირველ პროგრამას საქართველოსა და აშშ–ს შორის 2005 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი. პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო. პროგრამა წელს მთავრდება.

16 მარტს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე იოჰანესმა განაცხადა, რომ საქართველო და განა შეირჩა "მათი უწყვეტი, ძლიერი პოლიტიკის განხორციელების, განვითარებადი ბაზრის სტატუსის, გლობალური და რეგიონალური მასშტაბით მათი სტრატეგიული მნიშვნელობის და პირველი კომპაქტის წარმატებული განხორციელების“ გამო. 

პირველი დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე–ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

MCC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ დახმარების მეორე პაკეტი მოხმარდება ეკონომიკური ზრდის გამყარებას, რათა მოზიდულ იქნას კერძო ინვესტიციები და საბოლოო ჯამში, შემცირდეს დახმარების საჭიროება.

"MCC–ის ახალი ინვესტიციები იმ ქვეყნებთან, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თავიანთი პირველი კომპაქტები – მიმართულია კერძო ინვესტიციების ხელისშემშლელი ფაქტორების დასაძლევად,“ – განაცხადა იოჰანესმა.

იოჰანესმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო "გლობალური მასშტაბით აღიარებულია, როგორც საინვესტიციო კლიმატის ერთ–ერთი საუკეთესო რეფორმატორი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობის 30% ყოველდღიურად 2 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს“.

თებერვალში აშშ–ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან მოსალოდნელი დახმარების ახალი  პროგრამის მოცულობა 150 მილიონი დოლარიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო აპირებს რამდენიმე პროექტის წარდგენას, მათ შორისაა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა;  სამცხე–ჯავახეთისა და აჭარის დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე გზის რეაბილიტაცია; ასევე "ჯანდაცვის პროექტი ანუ ამერიკული საავადმყოფო საქართველოში“.

This post is also available in: Русский

Back to top button