ახალი ამბები

მოსკოვი ერგნეთის სკოლაში “ნატოს კუთხის” გახსნამ გააღიზიანა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლაში "ნატოს კუთხის“ გახსნა, როგორც თბილისის "პროპაგანდისტული ნაბიჯი“, რაც „საზოგადოებრივ აზრში შესაბამისი განწყობების ჩანერგვას ემსახურება“.

"არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს იმას, რომ პროპაგანდისტული აქციის გამართვისათვის დასახლებულ პუნქტ ერგნეთის ამორჩევა სულაც არ იყო შემთხვევითი, ამ ადგილას ხომ რეგულარული შეხვედრები იმართება სამხრეთ ოსეთ–საქართველოს საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც ასევე მონაწილეობენ რუსი მესაზღვრეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 17 მარტს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

“ქართული მხრის ჩანაფიქრი გასაგებია – მცდელობა ამა თუ იმ მეთოდით ჩართოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყბადაღებული "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის“ მოგვარებაში. ამასთან რატომღაც ავიწყდებათ დაინტერესდნენ რა აზრი გააჩნიათ მეზობელი ქვეყნებს – აფხაზეთის რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას,“– განაცხადა ლუკაშევიჩმა. 

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ერგნეთის საჯარო სკოლაში "ნატოს კუთხე“ 7 მარტს გაიხსნა. ამ ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე– პრემიერი გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ესწრებოდნენ. 

"გაოცებას იწვევს ცერემონიაზე საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თ. გოგოტიშვილის ექსტრავაგანტული გამონათქვამები იმაზე, რომ „ერგნეთი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა სოფელი საქართველოში – ეს ნატოს ზონაა“. იმის გათვალისწინებით, რომ ამას ესწრებოდა საქართველოში ლიტვის ელჩი, თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკონტაქტო დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ი. პასლაუსკასი, გვინდა კითხვა დავუსვათ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ბრიუსელში – ზუსტად რომელ "ნატოს ზონებზე საქართველოში“ მიდის საუბარი?“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button