ახალი ამბები

პარლამენტში ‘სამთავრობო კვირეული’ იგეგმება

პარლამენტში სამთავრობო კვირეული, რომლის ფარგლებშიც პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებენ,  22–25 მარტს გაიმართება.

‘სამთავრობო კვირეულის’ დეტალები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და პრემიერმა ნიკა გილაურმა საკანონმდებლო ორგანოში 15 მარტს გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები, გიორგი თარგამაძე და პეტრე ცისკარიშვილი. 

შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სამთავრობო კვირეულს ნიკა გილაურის მოხსენება გახსნის 22 მარტს; მომდევნო დღეებში ამას მოჰყვება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოსვლები, რაც საბოლოოდ, 25 მარტს ისევ პრემიერ–მინისტრის შემაჯამებელი სიტყვით და პოლიტიკური დებატებით დასრულდება.

“მინისტრთა კაბინეტი მზად არის ამ შეხვედრებისთვის,“– განაცხადა ნიკა გილაურმა, "აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე და იმ საკითხზე, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას და პარლამენტს, გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხები“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მთავრობის დაგეგმილ ანგარიშს "კარგი ინიციატივა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამით ახალი პრეცედენტი იქმნება ხელისუფლების ამ ორი შტოს ურთიერთობებში.

პარლამენტში მთავრობის მოწვევის იდეის ინიცირება საპარლამენტო უმცირესობამ  ერთი კვირის წინ მოახდინა. ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პარლამენტისადმი მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით. უმცირესობის წევრები ეკონომიკურ, სოციალურ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უმუშევრობის და ინფლაციის საკითხებზე გეგმავენ შეკითხვების დასმას. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 15 მარტს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მიესალმება "დიალოგის ასეთ ფორმას, მიუხედავად კრიტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელი სიმწვავისა“.

დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის რიგებში არ შედის, ასევე მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში. თუმცა შეთანხმებული გეგმის მიხედვით, მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოსვლა იგეგმება.

This post is also available in: Русский

Back to top button