ახალი ამბები

საქართველო მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიას დახმარებას სთავაზობს

საქართველო მზად არის მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებული იაპონიის დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი გააგზავნოს.

„იაპონია არის ის სახელმწიფო, რომელიც როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ყოველთვის გვერდში გვიდგას,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 14 მარტს.

„საქართველოს მთავრობაში იქნა საგანგებო გადაწყვეტილება მიღებული, რომ იაპონიას შევთავაზოთ ჩვენი სამაშველო ჯგუფის გაგზავნა, რომელთაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ იაპონიის ხელისუფლებას და ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ფულადი დახმარების აღმოჩენის თაობაზე,“ – განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელიც ტოკიოში სწავლობს, მიწისძვრის დროს ფეხი მოიტეხა და ახლა იგი ტოკიოს საავადმყოფოში მკურნალობს.

"ჩვენ ის საავადმყოფოში მოვინახულეთ; იგი თავს კარგად გრძნობს,“ – განუცხადა საქართველოს ელჩმა იაპონიაში რევაზ ბეშიძემ ტელეკომპანია "მაესტროს“ ტელეფონით.

This post is also available in: Русский

Back to top button