ახალი ამბები

სოხუმმა თბილისს მერაბ ყოლბაიას განთავისუფლება მოთხოვა

აფხაზურმა მხარემ მიანიშნა, რომ მერაბ ყოლბაია, რომელიც, თბილისის თქმით, შარშან შემოდგომაზე ”რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტების ერთერთი შემსრულებელია”, ქართულმა სპეცსამსახურებმა გალის რაიონში დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 თებერვალს განაცხადა, რომ "სპეცოპერაციის შედეგად“ დააკავა ერთ–ერთი ძებნილი მერაბ ყოლბაია. თუმცა, ოპერაციის ჩატარების ადგილი სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ ყოლბაიას დაკავების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში 22 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე დააყენა.

"შეხვედრის დროს აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა ქართული სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის მოქალაქეების გატაცების საკითხი. კერძოდ, საუბარი შეეხო 15 თებერვალს გალის რაიონის მკვიდრის მერაბ ყოლბაიას გატაცებას, რომელსაც ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და მოწყობაში ადანაშაულებს,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“.

ამავე ცნობით, 2010 წლის დეკემბერში და 2011 წლის იანვარში ქართულ მხარეს "აფხაზეთის ტერიტორიიდან ე.წ ეჭვმიტანილების გატაცების“ ორი უშედეგო მცდელობა ქონდა.

"აფხაზურმა მხარემ მოითხოვა აფხაზეთის მოქალაქის, მ. ყოლბაიას გადმოცემა და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ამგვარი დივერსიული ქმედებების განხორციელება სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს და არ უწყობს ხელს მხარეთა შორის კონსტრუქციულ დიალოგს,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button