ახალი ამბები

აფხაზ ოპოზიციონერს “ცილისწამების“ ბრალდება მოუხსნეს

სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ მან მოუხსნა ცილისწამების ბრალდება აფხაზეთის ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ ლიდერს იაკუბ ლაკობას, იტყობინებოდა "აფსნიპრესი“ 18 თებერვალს.

ლაკობა 21 იანვარს საღამოს სოხუმში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ის რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მეორე დღეს იგი გაათავისუფლეს, თუმცა ცილისწამების ბრალდება არ მოუხსნიათ.

"აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილება რუსეთის კონტროლის პალატის განცხადებით ახსნა, რომლის თანახმადაც კონტროლის პალატა არ წარუდგენს ოფიციალურ პრეტენზიებს ლაკობას ცილისწამების გამო. 

პარტიის ვებ–გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ლაკობა სტეპაშინს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მისი უწყება შეეცადა აფხაზეთში იმ ფინანსური დარღვევების მიჩუმათებას, რომლებიც მოსკოვის მიერ აფხაზეთისთვის 2009–2010 წლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემოწმების შედეგად გამოვლინდა.

This post is also available in: Русский

Back to top button