ახალი ამბები

თბილისმა და ცხინვალმა დაკავებულთა გაცვლის საკითხი განიხილეს

საქართველოს და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლები 17 თებერვალს სოფელ ერგნეთში შეიკრიბნენ, სადაც დაკავებულთა გაცვლის საკითხი განიხილეს.

მერაბ ჩიგოევმა, პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, რომ ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე“  მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

"დღეს ჩვენ მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა განხორციელდეს ორმხრივი გაცვლა. არ მინდა დეტალურად ვისაუბრო ამ საკითხზე; მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება,“ – იტყობინება სეპარატისტული მთავრობის ვებ–გვერდი ჩიგოევის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რომ შეხვედრა გაიმართა. "მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორი შედეგი ექნება მას,“ – განუცხადა მან Civil.ge-ს დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ჩიგოევმა განაცხადა, რომ, დაახლოებით, ერთი თვის წინ თბილისმა და ცხინვალმა გაცვალეს თითოეულ მხარეს არსებული 8–8 კაციანი სიები. მისი თქმით, ამ სიებში მხოლოდ ის ადამიანები შევიდნენ, რომლებიც ორივე მხარემ აგვისტოს ომის შემდეგ დააკავა, რადგან ქართული მხარე უარს აცხადებს ომამდე დაკავებულთა გათავისუფლებაზე.

2010 წლის მარტში, როდესაც ქართულმა მხარემ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ოსი პატიმრები აღარ იმყოფებოდნენ. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მას შემდეგ ქართულმა მხარემ რამდენიმე პირი კიდევ დააპატიმრა, მათ შორის რუსეთის რამდენიმე მოქალაქე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button