ახალი ამბები

შსს–მ აფეთქებების საქმეზე კიდევ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 თებერვალს განაცხადა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ტერაქტებთან“ დაკავშირებული კიდევ სამი პირი დააკავა.

შსს–მ გასულ შემოდგომაზე თბილისში, მათ შორის აშშ–ის საელჩოს სიახლოვეს და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, მომხდარი ხუთი აფეთქების და ასევე ხობში ერთი არშემდგარი აფეთქების საქმე დეკემბერში გახსნილად გამოაცხადა და საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა. შსს–ის თქმით, "ტერორისტული აქტების სერიის“ დამკვეთი, აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ძალების ოფიცერი, ევგენი ბორისოვი იყო, რომელზეც ძებნა გამოცხადდა საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, რომლებიც შსს–ის თქმით, გალის რაიონს აფარებდნენ თავს.

17 თებერვალს შსს–მ განაცხადა, რომ "ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად“ დააკავა, ერთ–ერთი ძებნილი, "ტერაქტების შემსრულებელი“ მერაბ ყოლბაია. დეკემბერში შსს-მ აცხადებდა, რომ ყოლბაია გალის რაიონში აფარებდა თავს.

პოლიციამ ასევე დააკავა ზუგდიდის რაიონის ორი მაცხოვრებელი – ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომელთა ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის შესახებ გამოძიების პროცესში გახდა ცნობილი და "რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ აღნიშნული ტერაქტების მომზადებაში, კერძოდ:  ხობის რაიონის სოფელ  ჭალადიდში რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობაში და თბილისში, მუხიანის დასახლებაში მომხდარ აფეთქებაში“.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასაკავებლად,“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

ევგენი ბორისოვი, რომლის დაკავების მოთხოვნით თბილისმა ოფიციალური ნოტით მიმართა მოსკოვს, "ტერორიზმის“ ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება საქართველოს მხარის მოთხოვნით.

საქართველომ რუსეთს აფეთქებების საქმეზე თანამშრომლობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა მომხდარს "დადგმული შოუ“ და "ქართული სპეცსამსახურების არაპროფესიონალური ნამუშევარი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button