
მთავრობა “თელასში“ სახელმწიფოს კუთვნილი აქციების IPO-ს გეგმავს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში "თელასი“ სახელმწიფოს კუთვნილი აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებას (initial public offering – IPO) გეგმავს.
თელასის აქციების 75%–ის მფლობელი რუსული კომპანია ”ინტერ რაო”-ა, ხოლო 25%–ს საქართველო ფლობს.
"სავარაუდოდ, თელასის აქციები წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში ერთ–ერთ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდება,“ – განაცხადა ხეთაგურმა „როიტერთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ასევე განიხილება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების 25%–ის საერთაშორისო ბირჟაზე პირველადი განთავსება. კორპორაცია მართავს ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენს, რომლის საშუალებითაც საქართველოს გავლით რუსეთიდან გაზის სომხეთში ტრანსპორტირება ხდება.
„ჩვენ არ ვაპირებთ [კორპორაციის] საკონტროლო პაკეტის გაყიდვას… საუბარია აქციების 25%–ის დარეგისტრირებაზე საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე IPO–ს პროცესის ფარგლებში… ეს შესაძლოა მომავალ წელს მოხდეს,“ – განაცხადა ხეთაგურმა "როიტერთან“ ინტერვიუში.
თუმცა მან ასევე დასძინა, რომ "გამორიცხული არ არის, რომ კორპორაცია ევროობლიგაციებს გამოუშვებს IPO–ს ნაცვლად.”
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების შესაძლებლობის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა შარშან ზაფხულში გამოაცხადა, როდესაც პარლამენტში საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის "სტრატეგიული ობიექტების“ სიიდან ამოღების თაობაზე.
This post is also available in: English Русский