skip to content
ახალი ამბები

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულის მაღაროელებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 2 თებერვალს გაფიცვა დაიწყეს.  

ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს, სადაც ბოლო ერთი წლის მანძილზე მომხდარ სამ აფეთქებას ცხრა მაღაროელი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა,  საქნახშირი – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

გაფიცვას, რომელსაც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი უდგას სათავეში, წინ უძღოდა მაღაროელების ორსაათიანი "გამაფრთხილებელი გაფიცვა“ 31 იანვარს, როდესაც პროფკავშირმა მოთხოვნების გრძელი სია გამოაქვეყნა და საქნახშირის ხელმძღვანელობას მათზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

პროფკავშირის განცხადებაში ჩამოთვლილი მოთხოვნებია: "უვადო შრომითი კონტრაქტები“ მაღაროელებთან; თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაცია ბოლო სამი წლის მანძილზე დაფიქსირებული ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მომატების მიხედვით; 2010 და 2011 წლებში მაღაროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების მიერ ბანკებიდან აღებული სესხების, განვადებების, ოვერდრაფტებისა თუ საკრედიტო ბარათების ღირებულების გადახდა  საქნახშირის ადმინისტრაციის მიერ; შრომის პირობების გაუმჯობესება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების უზრუნველყოფის გზით; ღამის პერიოდში, ზეგანაკვეთურ და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურების განსხვავებული სატარიფო სისტემის შემოღება; დასაქმებულთა კუთვნილი, ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვროს 40 სამუშაო დღით; სამუშაოზე დასახიჩრებულთა, ტრავმირებულთა, შრომისუნარ დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახებისათვის საპენსიო და საკომპენსაციო სისტემის შემოღება. მაღაროელები ასევე ითხოვენ მათი პროფკავშირის წარმომადგენლის დაშვებას მაღაროში მომხდარი იმ ინციდენტების გამოძიებისას, რასაც მაღაროელთა დაღუპვა მოყვა.  

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა "ინტერპრესნიუსს“, რომ მაღაროელებს "ტვინს პროფკავშირი ურევს“. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღაროელთა ხელფასების გადახდის სისტემა უკვე შეიცვალა ინფლაციის შესაბამისად.

27 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა დაიჩივლა, რომ მისი მოწოდებები საქნახშირის მიმართ, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე დაიწყოს დიალოგი, ყურადღების მიღმა დარჩა. წერილის თანახმად, 2010 წელს და 2011 წლის იანვარში აფეთქებების შედეგად დაღუპული ცხრა მაღაროელის ოჯახებს დასაფლავების ხარჯები აუნაზღაურეს, თუმცა მარჩენალის  დაკარგვისთვის კომპენსაცია მათთვის არ დაუნიშნავთ. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ათი დაშავებული მაღაროელი ჯერ ვერ უბრუნდება სამუშაოს, რის შედეგადაც მათი ოჯახები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button