ახალი ამბები

თბილისის კომენტარი რუსული მედიის ცნობებზე აშშ–თან იარაღის შესყიდვაზე მოლაპარაკებების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 იანვარს უარყო რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე აშშ–სგან იარაღის შესაძლო შესყიდვის საკითხი განიხილა.

გაზეთი "კომერსანტი“ წერდა 14 იანვარს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმისთვის გამოიყენა თავისი ვიზიტი აშშ–ში, რათა "შეეხსენებინა ამერიკის ადმინისტრაციისთვის, რომ თბილისი მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს იარაღის ფართო გარიგებაზე“. გაზეთი ასევე წერდა, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო და Hellfire II ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტების შეძენა სურს.

"ჩვენი ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სულ სხვა საკითხი. პარალელურად ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა უმაღლესი დონის შეხვედრები გაგვემართა და მათ ძალიან წარმატებულად ჩაიარეს და რომლის ფარგლებშიც მოხდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. და როგორც ჩვენთვის ცნობილია პრიორიტეტულ საკითხთაგანი იყო ქარტიით გათვალისწინებული ყველა საკითხი… და ამ საკითხებში შედის, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე უსაფრთხოების საკითხები,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

"კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომელზეც კომერსანტი საუბრობს, რა საკვირველია, ასეთ დეტალებში საუბარი არ ყოფილა,“ – დასძინა მან.

ბრიფინგის ტექსტში, რომელიც საგარეო უწყებამ მოგვიანებით იმავე დღეს გამოაქვეყნა, კალანდაძის განცხადების ეს ნაწილი შემდეგნაირად არის მოყვანილი: "კონკრეტულად, იმ საკითხზე, რაზეც "კომერსანტი" საუბრობს, საუბარი არ ყოფილა“.

"იტარ–ტასის“ ინფორმაცია, რომელიც “კომერსანტის“ ინფორმაციამდე გავრცელდა გასულ კვირას, იტყობინებოდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსთვის "ათობით მილიონი დოლარის“ ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებაზე მზადყოფნა გამოხატა. თუმცა, ეს ინფორმაცია პენტაგონმა უარყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button