ახალი ამბები

ვაშაძე აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 18 იანვარს აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს, რომელიც, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ისედაც ახლო ურთიერთობების შემდგომ გააღრმავებას დაეხმარება.

ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამადიაროვს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. მხარეები პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

გასულ კვირას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Azeri-Press Agency (APA) იტყობინებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR–ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ კომპანია დაინტერესებულია ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენის შეძენაში, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება. ამავე ინფორმაციით, აბდულაევმა განაცხადა, რომ SOCAR–ი ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გასულ კვირას Civil.ge-ს განუცხადა, რომ სამინისტრო ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებდა.

ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს საკითხი ვაშაძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემა არ არის.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button