ახალი ამბები

კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებამ სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა

სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა დღეს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

დაჭრილები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

120 მმ–იანი ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება, რაც "სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია“, კრწანისში პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს დღეს 11:00 საათისთვის მოხდა.

“მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს,“– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე ცნობაში. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც სააკაშვილის სახელით  სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დაინტერესებულია, რათა "გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს და ყველა დეტალი გაირკვეს“.

"ჯარისკაცის პროფესია დიდ კეთილშობილებასთან, ღირსებასა და პატივთან ერთად, სამწუხაროდ, დიდ რისკთან არის დაკავშირებული,“– აღნიშნა მან.

"უაღრესად ვაჟკაცური და კეთილშობილური პროფესიის წარმომადგენლების, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე, ისევე როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, უძვირფასესია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, გამოძიება დროულად დაადგენს ამ ტრაგედიის ყველა დეტალს,"– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახებს.  

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button