ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი აქციის დაშლის არ გაშუქების მიზეზებს განმარტავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, პოლიციის მიერ 3 იანვარს ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლა იმავე დღეს "კადრების უქონლობის გამო“ არ გაშუქდა, თუმცა ტელევიზიის თქმით, ვეტერანთა პრობლემატიკა საინფორმაციო გამოშვებებში მანამდე მუდმივად იყო.

3 იანვარს, აქციის დაშლის დღეს არცერთმა ნაციონალურმა არხმა – "რუსთავი–2“, "იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი – ეს ამბავი არ გააშუქა. იმ დღეს მხოლოდ ტელეკომპანია "კავკასიამ“ მიუძღვნა ვრცელი რეპორტაჟები ამ საკითხს. ნაციონალურმა მაუწყებლებმა აქციის დაშლის თემა მხოლოდ ერთი დღის შემდეგ – 4 იანვარს გააშუქეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ საკითხის ირგვლივ "ბრალდებების“ საპასუხოდ 5 იანვარს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ვეტერანთა პრობლემატიკას, მათ შორის 27 დეკემბრიდან გმირთა მოედანზე მიმდინარე შიმშილობის აქციას ტელევიზია "მუდმივად“ აშუქებდა მისი პირველი და მეორე არხების მეშვეობით.

"აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ ბრალდებას ვეტერანების პრობლემის იგნორირებასთან დაკავშირებით, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაყურებლამდე დროულად და ობიექტურად მიტანა,“– ნათქვამია განცხადებაში.

“ამ პრობლემებზე ერთადერთი თემა, რომელიც ჩვენს ეთერში კადრების უქონლობის გამო ვერ მოხვდა, იყო აქციის დაშლა 3 იანვარს სამართალდამცველების მხრიდან, რომლის მასალაც მოვიპოვეთ 4 იანვარს, რაზეც მომზადდა ვრცელი რეპორტაჟი,“– განმარტავს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button