skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ვეტერანთა აქციის დაშლის დროს დაკავებული პირები დააჯარიმა

მოშიმშილე ვეტერანთა აქციაზე გუშინ დაკავებული თერთმეტი პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა, თუმცა თითოეულ მათგანს 400 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

“საქალაქო სასამართლომ წარმოდგენილი პირები სამართალდამრღვევად ცნო ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში,“– ნათქვამია 4 იანვარს განხილულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

ვეტერანთა აქცია პოლიციამ 3 იანვარს იძულებით დაშალა გმირთა მოედანზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე ომის ვეტერანები 27 დეკემბრიდან შიმშილობის აქციას მართავდნენ მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს.

იმავდროულად, დღეს გმირთა მოედანზე გუშინ მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად და ვეტერანებისთვის სოლიდარობის ნიშნად მცირე აქცია გაიმართა, თუმცა მისი მონაწილეები მალევე დაიშალნენ პოლიციასთან შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების მოტივით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button