
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 160.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
"საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წლის მესამე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%–ით შემცირდა და 160.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 75.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 196.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ჯამში, 2010 წლის იანვარ–სექტემბერში ინვესტიციების ოდენობამ 433 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%–ით ნაკლებია.
2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 27.9 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 21.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 18.6 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 16.2 მლნ დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 13.5 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 49.7 მილიონი აშშ დოლარი (31%) 2010 წლის მესამე კვარტალში ფინანსურმა სექტორმა მიიზიდა; შემდეგ მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორები – 40.5 მლნ აშშ დოლარი (25%); უძრავი ქონება – 33.6 მლნ აშშ დოლარი (21%) და ენერგოსექტორი – 16 მლნ აშშ დოლარი (10%).
13 დეკემბერს "როიტერთან“ ინტერვიუში საქართელოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები "ჯერ კარგ დონეზე არ არის“.
"მაგრამ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ აქტივობას… და დაახლოებით 1 მილიარდი ან 800–850 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მომავალი წლისთვის ძალიან გააჯანსაღებს ეკონომიკას,“ – განაცხადა მან.