
თბილისის “დინამოს” ახალი მფლობელი ეყოლება
საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს“ ახალი მფლობელი შესაძლოა ბიზნესმენი რომან ფიფია გახდეს მას შემდეგ, რაც იგი ამჟამინდელ მესაკუთრესთან, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს.
რომან ფიფიამ ამ შესაძლო გარიგების დეტალები დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
პატრაკაციშვილის ოჯახმა ნოემბერში განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დინამოს "სიმბოლურ ფასად“ გაყიდვის შესახებ, რადგან მათთან კავშირის გამო "კლუბის ნორმალურ ოპერირებას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი“ და ასევე, ოჯახს საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ შეუძლია.
პოტენციურმა ინვესტორმა, რომან ფიფიამ ბიზნეს საქმიანობა რუსეთში დაიწყო, სადაც იგი ასევე იყო სარატოვის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი.
საქართველოში მისი ბიზნეს–საქმიანობა უკავშირდება 2006 წელს სასტუმრო "ჰაიატის“ ჯერაც დაუსრულებელი მშენებლობის დაწყებას, რომლის დროსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფიფიას უწოდა "იმ ქართველის კლასიკური ნიმუში, რომელმაც წარმატებული ბიზნესის კეთება საზღვარგარეთ შეძლო, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა, რათა საკუთარი ფული ქართულ ეკონომიკაში ჩაედო“.