
იაკობაშვილი: თბილისს აშშ–სთან ურთიერთობების “ახალ დონეზე” აყვანა სურს
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, რომელიც აშშ–ში საქართველოს ელჩადაა წარდგენილი, განაცხადა 21 ნოემბერს, რომ ბოლო დროს "ახალი რეალობები“ გაჩნდა, რაც ქმნის შესაძლებლობებს, რომ "ქართულ–ამერიკული ურთიერთობები ახალ დონეზე იქნას აყვანილი“.
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც 20 ნოემბერს გამოცხადდა და რომელიც ასევე გულისხმობს ცვლილებებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში, იაკობაშვილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა შეცვალა.
"ომიდან ორი წლის თავზე უკვე დალაგდა სიტუაცია… ობამაც უკვე აღარ არის ახალბედა პრეზიდენტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსშიც უკვე გამოიკვეთა მთელი რიგი პრიორიტეტები; გამოიკვეთა ის საკითხიც, რომ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის კონტექსტში განსახილველი ქვეყანა არ არის,“ – განაცხადა იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აქცენტები“ საუბრისას 21 ნოემბერს.
იაკობაშვილმა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან ერთად ვიცე–პრემიერის პოსტსაც ითავსებდა, განაცხადა, რომ ახალ პირობებში უფრო აქტიური მცდელობებია საჭირო "სხვადასხვა მიმართულებით“ ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
"როდესაც ვიცე–პრემიერს უშვებ ელჩად, ეს პოლიტიკური სიგნალია პირველ რიგში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან არის გზავნილი, რომ ამ ახალ რეალობებში მოვახდინოთ ქართულ–ამერიკული ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა და სტრატეგიული ქარტიის სრულფასოვანი რეალიზაცია,“ – განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს "მთელი რიგი ახალი საშუალებები“ აშშ–სთან ორმხრივ ურთიერთობებში და "ძალიან შინაარსობრივი, თბილი და საქმიანი შეხვედრის“ დროს, რომელიც აშშ–ს და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გაიმართა ლისაბონში, "მთელი რიგი პრიორიტეტები გამოიკვეთა ურთიერთობების გაფართოებისთვის“.
იაკობაშვილის ახალი თანამდებობა, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ნიშნავს მის დაბრუნებას დიპლომატიურ სამსახურში. 90–იან წლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის აშშ–ს, კანადის და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე.
იაკობაშვილი, რომელსაც ასევე გააჩნია საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის დიპლომატიური რანგი, საქართველოს მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში გახდა, როდესაც ის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. მანამდე მას საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფორდის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
სახელმწიფო მინისტრის რანგში იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას კურირებდა.
21 ნოემბერს გადაცემაში „აქცენტები“ საუბრისას განაცხადა, რომ მას „უხარია“, რომ ეკა ტყეშელაშვილმა შეცვალა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, ვინაიდან "ის არა მარტო კვალიფიცირებულია, არამედ კარგად არის ჩახედული საქმეებში“.
"ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ საკითხებზე, ამიტომ [მუშაობის] გაგრძელების ყველა წინაპირობა არსებობს,“ – განაცხადა იაკობაშვილმა.
იაკობაშვილი ელჩის თანამდებობაზე ბათუ ქუთელიას შეცვლის, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)