![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
მედია მესაკუთრეთა გამჭირვალობის შესახებ ინიციატივა ერთი კვირის ვადაში დარეგისტრირდება
მედიის მესაკუთრეთა გამჭირვალობის შესახებ ინიციატივის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია და ის ორი დღის ვადაში კანონპროექტის საბოლოო სახეს მიიღებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 8 ნოემბერს.
მან ეს განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაინტერესდა, თუ რა ეტაპზე იყო მედია–მფლობელთა გამჭირვალობის შესახებ ინიციატივის იმპლემენტაცია.
26 ოქტომბერს ბაქრაძემ იურიდიულ და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა ორი კვირის ვადაში მოემზადებინათ ახალი კანონი, რომელიც მედია მფლობელობის და ფინანსების გამჭირვალობას უზრუნველყოფს.
ეს განცხადება ერთი დღით უსწრებდა ჟურნალისტთა და იურიდიულ ექსპერტთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მედიასთან დაკავშირებულ სულ რვა კანონპროექტს მოიცავს და სხვა საკითხებთან ერთად მედია–მფლობელების გამჭირვალობის საკითხსაც ეხება.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს ექსპერტების მოსაზრებების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მესაკუთრეთა გამჭირვალობას ეხება, განაცხადა კუბლაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად მომდევნო ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, მაქსიმუმ მომავალი ორშაბათისთვის.
მან ასევე მოუწოდა განხილვების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ექსპერტების თუ ჟურნალისტების ჩართვისკენ, რომ "მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შეჯერებული სახით მივიღოთ ეს დოკუმენტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)