skip to content
ახალი ამბები

საქართველო ურანის კონტრაბანდის საქმის დეტალებს საჯაროს ხდის

საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო გახადა იმ საიდუმლო ოპერაციის დეტალები, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, 2010 წლის მარტში მოხერხდა სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი 18 გრამი გამდიდრებული ურანის ამოღება.

საქართველოს შსს-მ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი დასავლური მედიისთვის გახადა, რის შედეგადაც კვირას, გვიან ღამით, ამ თემაზე ინფორმაციები, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს Guardian -მა და  Association Press -მა.

საქართველომ პირველი საჯარო განცხადება გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთის შესახებ 2010 წლის აპრილში, ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გააკეთა. თუმცა, იმის გარდა რომ ამოღებული იყო ”მცირე რაოდენობის” ურანი და დაკავებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სხვა ინფორმაცია ამ საქმეზე დღემდე არ გავრცელებულა.

Guardian-სა და Associated Press-ის მიერ გავრცელებულ ცნობებში, რომელიც შსს-ს მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ 2010 წლის მარტში სომხეთის ორმა მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა 89.4%-ით გამდიდრებული 18 გრამი ურანი.

ურანის ეს მცირე პარტია ტყვიის შეფუთვაში იყო მოთავსებული, რომელიც თავის მხრივ სიგარეტის კოლოფში ინახებოდა. შსს-ს ცნობით, ეს სიგარეტის კოლოფი კი თბილისი-ერევნის მატარებლის ორ ვაგონს შორის იყო დამალული.

სომხეთის ორმა მოქალაქემ, სუმბათ ტონოიანმა და ჰრანტ ოჰანიანმა, ურანი საქართველოში იმ მიზნით შემოიტანეს, რომ ის გაეყიდათ. პოტენციური მყიდველი, რომელიც მათ დაუკავშირდა, რეალურად შსს-ს აგენტი იყო.

როგორც Associated Press-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართველი სამართალდამცველები სომხეთის ამ ორ მოქალაქეზე თავიანთი ინფორმატორის მეშვეობით გავიდნენ, რომელიც ბათუმის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და რომელიც წარსულში თავად იყო ამ უკანონო საქმიანობით დაკავებული. ინფორმატორმა შეატყობინა შსს-ს, რომ სუმბათ ტონოიანი, რომელიც წარსულში რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხნის მფლობელი იყო, ურანის გაყიდვას ცდილობდა.

ამის შემდეგ აგენტი ტონოიანთან კავშირზე გავიდა. თავიდან ტონოიანი 120 გრამში 8 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ითხოვდა, ხოლო მეორე შეხვედრის შემდეგ 1.5 მილიონამდე ჩამოვიდა და ისიც უთქვამს ”მყიდველისთვის”, რომ მას შეეძლო კიდევ უფრო მეტი ოდენობით ურანი მიეყიდა მისთვის, თუ ეს პირველი გარიგება წარმატებით დასრულდებოდა. შსს-ს ცნობით, ჩვეულებრივ, შავ ბაზარზე ერთი გრამი გამდიდრებული ურანის ფასი, დაახლოებით, 10 ათასი აშშ დოლარია.

ტონოიანი შეუთანხმდა ”მყიდველს”, რომ მას მარტში დაუკავშირდებოდა, რათა გარიგება ბოლომდე მიეყვანათ. როგორც Associated Press-ი წერს, ქართველი სამართალდამცველები თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, რადგან წარსულში არაერთხელ ქონიათ მსგავსი სიტუაცია და როგორც ბოლოს ირკვეოდა ხოლმე, რადიოაქტიულ ნივთიერებები ყალბი აღმოჩენილა.

მარტში სამართალდამცველებმა შეიტყვეს, რომ ტონოიანმა ტაქსით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. მას თან ახლდა პენსიაში გასული ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ასევე სომხეთის მოქალაქე, ჰრანტ ოჰანიანი. სამართალდამცველები მათ უთვალთვალებდნენ. თბილისში ისინი ერევნის მატარებელს დახვდნენ. როგორც მოგვიანებით, გამოძიების პროცესში გაირკვა, მათ ერევანი-თბილისის მატარებელში სიგარეტის კოლოფი დამალეს, სადაც ურანი იყო მოთავსებული და საზღვრის გადმოკვეთამდე მატარებელი დატოვეს და ტაქსში გადაჯდნენ.

მათი დაკავება ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, როდესაც ისინი ”მყიდველს” ხვდებოდნენ. შსს-ს ცნობით ორივე მათგანმა სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში ტარდება, თავი დამნაშავედ სცნო; მათ ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაკავებულებს უთქვამთ გამომძიებლებისთვის, რომ მათთვის ურანის გაყიდვა სომხეთის მოქალაქე გარიკ დადაიანს შეუთავაზებია. ეს უკანასკნელი ქართველმა სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 2003 წელს, გამდიდრებული ურანის კონტრაბანდისთვის დააკავეს და შემდეგ სომხეთს გადასცეს. 2006 წელს ასევე მოხდა გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა დაახლოებით იმის მსგავსი ოპერაციის მეშვეობით, როგორიც ეს მარტში ჩატარდა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ ამ სამივე შემთვევაში იკვეთება რამოდენიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ ურანის ეს მცირე პარტიები, როგორც ჩანს, არის ნაწილი უფრო დიდი რაოდენობისა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში არსებული ბირთვული საწვავის მწარმოებელი ქარხნიდან 90-იან წლებში მოიპარეს.

მართალია სომხეთ-საქართველოს საზღვარზე არსებობს რადიოაქტიული ნივთიერებების აღმომჩენი მოწყობილობა, მაგრამ დეტექტორმა ვერ შეძლო მატარებელში დამალული სიგარეტის კოლოფში ჩადებული ურანის დაფიქსირება. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამის მიზეზი ის იყო რომ ურანი ტყვიის შეფუთვაში ინახებოდა; შედარებით მეტი რაოდენობის ურანი რომ ყოფილიყო, დეტექტორი მას დააფიქსირებდა, ამბობენ შსს-ში.

საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების რადიოაქტიული ნივთიერებების დედექტორებით აღჭურვას აშშ ახორციელებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამ დახმარების პროგრამის დასრულების შემდეგ ნავარაუდებია, რომ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოძრაობის მთლიანი მოცულობის 98% გაივლის რადიოაქტიულ ნივთიერებებზე შემოწმებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ხელმძღვანელი თომას დაგოსტინო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 2010 წლის ივნისში სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button