ლავროვი: მოსკოვი “ჯაშუშების“ დაკავების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს
რუსეთს არ გააჩნია ინფორმაცია მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 საქართველოს მოქალაქის დაკავების დეტალების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ოქტომბერს.
"რამდენადაც მე ვიცი, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამის მეტი ჩვენთვის არაფერია ცნობილი,“ – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ვიეტნამს სტუმრობს.
ინფორმაცია სავარაუდო ჯაშუშების დაკავების თაობაზე ”როიტერმა” პარასკევს საღამოს გაავრცელა, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაკეთდება.
რუსული გაზეთი "კომერსანტი“ იტყობინება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით: "ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ჯაშუშების სავარაუდო დაკავების თაობაზე. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც თბილისის ინიციატივით შეწყდა, ჩვენთვის შეუძლებელია ოპერატიულად გავარკვიოთ, თუ რა მოხდა იქ რეალურად. მთავარი, რასაც ყურადღება მივაქციეთ, ის არის, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ, განმარტებისთვის, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართოთ“.
"როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან საქართველოში ჯაშუშთა ქსელის ჩამოყალიბებაში და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. 30 ოქტომბერს, სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ეჭვმიტანილები აგროვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)