We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 196.9 მლნ დოლარი შეადგინა

"საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით გაიზარდა და 196.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,

ჯამში, 2010 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ოდენობამ, წინასწარი მონაცემებით, 272.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.38%–ით ნაკლებია.

2010 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 77 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 42 მლნ აშშ დოლარით; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, რომელიც ოფშორული ზონაა  – 32 მლნ აშშ დოლარი და იაპონია – 18 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების უდიდესი წილი, 53%, 2010 წლის მეორე კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებმა მიიზიდეს – 104.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით; შემდეგ მოდის სამრეწველო სექტორი – 42 მლნ აშშ დოლარით (21%) და უძრავი ქონება – 33.2 მლნ აშშ დოლარით (17%).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 75.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 658.4 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 57.8%–ით ნაკლები იყო.

Back to top button