
თინა ქეიდენაუ თბილისში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, თინა ქეიდენაუ თბილისში ხელისუფლების და ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
10 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრაზე განიხილებოდა "აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი (ე.წ. ომნიბუს) სამუშაო შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები, ასევე აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი“, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
11 სექტემბერს ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების; ასევე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენლებთან.
“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ განიხილებოდა „დემოკრატიული საარჩევნო პირობების შექმნისთვის ბრძოლის“ საკითხები, საკონსტიტუციო ცვლილებების ცალკეული ასპექტები და "ის გეგმები, რაც გვაქვს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების კუთხით“.