ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.5%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 18 აგვისტოს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს და იგი კვლავ 6.5%–ს შეადგენს.

ივნისში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც მანამდე 2009 წლის ნოემბრიდან 5%–ის ნიშნულზე იყო შენარჩუნებული, 6.25%–მდე გაზარდა, ხოლო ივლისში – 6.5%–მდე.

18 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა განცხადებაში, რომ ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა.

კომიტეტის 21 ივლისის შეხვედრის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 6 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდებოდა, "თუმცა ინფლაციის ზრდის მცირე რისკები მაინც არსებობს“.

18 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ივლისში ინფლაციის ზრდა "დროებითი მოვლენაა“ და მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

 

Back to top button