skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-300 განათავსა

რუსეთმა აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა რეგიონის საჰაერო სივრცისა და იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზების დასაცავად, განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა 11 აგვისტოს.

„ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 ტიპის სისტემა განვათავსეთ, რომელიც სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან კოორდინაციის გზით აფხაზეთის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვის ამოცანებს აგვარებს,“  – იტყობინებიან „იტარ–ტასი“, „ინტერფაქსი“ და „რია ნოვოსტი“ ზელინის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით,  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-300 „მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს მოიცავს“. ზელინის თქმით, სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას სხვა სისტემები უზრუნველყოფს.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ამოცანაა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეების დარღვევის აღკვეთა და  ნებისმიერი იმ საფრენი აპარატის განადგურება, რომელიც მათ საჰაერო სივრცეში შევა მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით განხორციელდება მათი ფრენა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button