ახალი ამბები

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე

ნატო–საქართველოს კომისია 11 ივნისს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბა.

"ნატოს გადაწყვეტილება კარი გაუღოს საქართველოს კვლავ ძალაშია, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი. ალიანსი კვლავაც განაგრძობს ამ რეფორმების მხარდაჭერას და დახმარებას, კერძოდ სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებზე სამოქალაქო, დემოკრატიული ზედამხედველობის საქმეში,“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეხვედრამდე პრესისთვის გაკეთებულ კომენტარებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა შეხვედრაზე თავის გახსნით სიტყვაში, რომ ნატოსთან წლიური ეროვნული პროგრამა "წარმატებით“ ხორციელდება.  
 
"მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა, ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ,“ – განაცხადა ახალაიამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც, მისი თქმით, "მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნისთვის“.

"ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ნატოს წევრობისკენ მისი სწრაფვის მიმართ. მათ მოუწოდეს საქართველოს განახორციელოს საჭირო რეფორმები და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ალიანსის მზადყოფნა განაგრძონ ქვეყნის მხარდაჭერა ამ კუთხით,“ – განაცხადა ნატომ კომისიის სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button