skip to content
ახალი ამბები

მედვედევი: კარგი ქართულ-რუსული ურთიერთობები აღდგება

საქართველოს მოქალაქეების სახელზე გაკეთებულ გზავნილში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მათ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65-ე წლისთავს ულოცავს, მან განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგება ”კარგი, ღია და კონსტრუქციული ურთიერთობები, რომელიც კულტურული, სულიერი და ისტორიული ურთიერთობების მყარ საფუძველს დაეფუძნება”.     

”რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული,” – ნათქვამია მედვედევის გზავნილში, რომელიც 8 მაისს კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ გვერდიგვერდ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ”რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების საერთო და მრავალსაუკუნოვან ისტორიაში”.

მედვედევი ასევე აცხადებს გზავნილში, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნა ავალდებულებს რუს და ქართველ ხალხს ”გაუფრთხილდნენ მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების და ურთიერთდახმარების ტრადიციებს”.

”შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის ახლანდელი ხელისუფლების მკრეხელურმა ქმედებამ, რომელმაც ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი გაანადგურა, აღშფოთების ძლიერი ტალღა გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ-ქართული მეგობრობის განადგურების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული. ისევე როგორც აღდგება ქუთაისის მემორიალი [მოსკოვში], ასევე აღდგება კეთილი, ღია და კონსტრუქციული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის… სხვაგვარად არ შეიძლება,” – აცხადებს მედვედევი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ორი ცალკე მილოცვა გაუგზავნა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button