
ჰერმან ვან რომპუი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ”სწრაფად ძლიერდება”
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ 16 მარტს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ”სწრაფად ძლიერდება”.
მისი თქმით, საქართველო ”ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები” სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმებებზე. ამჟამად, ამ შეთანხმებების ხელმოწერის და ძალაში შესვლის პროცესი ევროკავშირის შიდა პროცედურებს გადის.
”იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ხელმოწერის თარიღის დადგენას, შესაძლოა ეს იყოს ივნისის დასაწყისი,” – აღნიშნა მან.
ჰერმან ვან რომპუიმ ასევე განაცხადა, რომ დისკუსიები ევროკავშირის შიგნით საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დირექტივების პროექტზე დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ”სულ მალე შესაძლებელი იქნება” ამ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება. ეს შეთანხმება ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებასაც.
”საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერება სტიმულია საქართველოსთვის განახორციელოს შემდგომი დემოკრატიული რეფორმები,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ევროკავშირი არ აგზავნის დამკვირვებლებს, ”ის ყურადღებით მიადევნებს თვალს” ამ არჩევნებს.
ადგილობრივ არჩევნებს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები დააკვირდებიან.
ჰერმან ვან რომპუიმ კვლავ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ”მოელის რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას”.
”ევროკავშირს განზრახული აქვს აქტიურად იყოს ჩართული ნდობის აღდგენის ღონისძიებებში და კონფლიქტის მოგვარებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაამტკიცა, რომ სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ეს ასე იქნება მომავალშიც,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English Русский