skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საკითხებში გაეროს წარმომადგენლად ფინელი დიპლომატი დაინიშნა

საქართველოს საკითხებში გაეროს წარმომადგენლად ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენი დაინიშნა,  რომელმაც ამ პოსტზე ბელგიელი იოჰან ვერბეკე შეცვალა.

”ეს დანიშვნა ფინეთისთვის პრესტიჟულია, რადგან ეს გაეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოსტია, რომელიც ამჟამად ფინელს უკავია,” – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის მიერ 1 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

”ელჩი ტურუნენი გამოცდილი დიპლომატია, რომლის შესაძლებლობები ძალიან გამოსადეგი იყო, როდესაც ჩვენ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა ვიყავით საქართველოში კრიზისის დროს [2008 წლის აგვისტოს ომის დროს],” – დასძინა მან.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2007 წლიდან ტურუნენი ფინეთის ელჩი იყო ეუთოში.

ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად, ტურუნენი გაეროს წარმომადგენლის რანგში  ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე იქნება.

მისი ოფისი ჟენევაში იქნება. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში მუშაობდა და ის ასევე გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელძღვანელიც იყო მანამ, სანამ რუსეთის ვეტოს გამო გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში ფუნქციონირებას შეწყვეტდა.

ახალ პოსტზე, ტურუნენმა საქართველოსთან დაკავშირებით უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და 1 მარტს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას მიესალმა.

”სიტუაციის ნორმალიზაციაზე საუბარი ჯერ არ არის და ამას მრავალი წელი დასჭირდება, მაგრამ საზღვრის გახსნა პოზიტიური მოვლენაა,” – განუცხადა ტურუნენმა ჟურნალისტებს ჰელსინკიში, იტყობინება Reuters-ი.

This post is also available in: English Русский

Back to top button